fanebi com (4)

8

Upload: beka-dograshvili

Post on 14-Mar-2016

216 views

Category:

Documents


1 download

DESCRIPTION

სპორტულ ინტერნეტ-პორტალ Fanebi.Com-ის ყოველკვირეული ჟურნალის მეოთხე ნომერი.

TRANSCRIPT

2

ჯორდან ჰენდერსონი „სანდერლენდიდან“

„ლივერპულში“ 2011 წლის ზაფხულში გადავიდა.

მაშინ ახალგაზრდა ინგლისელ ფეხბურთელს ბევრი

ეჭვის თვალით უყურებდა, ბევრს ვერც

წარმოედგინა, რომ ჰენდერსონი მერსისაიდულ

გუნდში ადგილს დაიმკვიდრებდა, თუმცა მას შემდეგ

თითქმის სამი წელიწადი გავიდა და ჯორდანი

„წითლების“ ერთ-ერთ უცვლელ ფეხბურთელად

გვევლინება. ბევრმა არ იცის, რომ ჰენდერსონის

კარიერა შეიძლება სულ სხვაგვარად

წარმართულიყო და ის „ენფილდის“ ნაცვლად,

„ოლდ ტრაფორდზე“ აღმოჩენილიყო.

გასული წლის ბოლოს „მანჩესტერ

იუნაიტედის“ ყოფილმა თავკაცმა სერ ალექს

ფერგუსონმა ავტობიოგრაფიული წიგნი გამოსცა,

რომელიც მალევე იქცა საფეხბურთო სამყაროში

ბესტსელერად. სერ ალექსი წიგნში იხსენებს, რომ

„სანდერლენდის“ მაშინდელმა მთავარმა

მწვრთნელმა სტივ ბრიუსმა ჰენდერსონს

ფერგიუსონთან რეკომენდაცია გაუწია, მაგრამ

„წითელი ეშმაკების“ ყოფილმა დამრიგებელმა

შემოთავაზებული წინადადება უარით გაისტუმრა.

ფერგიუსონმა თავისი გადაწყვეტილება ასე ახსნა,

ჰენდერსონს ისეთ მიხრა-მოხრა აქვს, რომ

შეიძლება მომავალში ტრავმული პრობლემები

ჰქონდესო.

ჰენდერსონმა იხტიბარი არ გაიტეხა, პირიქით

კი შეიძლება ითქვა, სერ ალექსის ეს სიტყვები

შექებად მიიღო: „სიმართლე რომ გითხრათ, ეს

ჩემთვის ერთგვარი კომპლიმენტი იყო. თუ წიგნის ამ

მონაკვეთს კარგად წაიკითხავთ, მიხვდებით, რომ

სტივ ბრიუსმა ჩემზე ძალიან დადებითად ისაუბრა,

თუმცა სერ ალექსმა ჩემი სირბილის სტილის გამო

უარი განაცხადა. მისი ასეთი დაინტერესება

გამოვიწვიე, ესე იგი, რაღაცას სწორად ვაკეთებ და

ვფიქრობ, ასეც უნდა გავაგრძელო.

„ამ ყველაფერს დიდ ყურადღებას არ ვაქცევ.

ფოკუსირება ჩემს თავზე უნდა მოვახდინო, რომ

ფიზიკური სიმხნევე შევინარჩუნო. თუმცა, ვიმეორებ,

რომ ფერგიუსონმა იცის, რასაც ამობობს“.

კონკრეტულად გავარკვიოთ, თუ რა დაწერა

ალექს ფერგიუსონმა თავის ავტობიოგრაფიულ

წიგნში ჰენდერსონის სირბილის მანერასთან

დაკავშირებით:

„ჯორდან ჰენდერსონს აქტიურად

ვაკვირდებოდით, სტივ ბრიუსიც ძალიან აქებდა მას,

მაგრამ მაინც უარი ვთქვით, რადგან შევნიშნეთ, რომ

ის მუხლებითა და სწორი ზურგით დარბის, როცა

თანამედროვე ფეხბურთელები სირბილის დროს

ბარძაყებს იყენებენ. ვიფიქრეთ, რომ სირბილის

ასეთ მანერას შესაძლოა, მომავალში პრობლემები

გამოეწვია“.

საინტერესოა, რა იგულისხმა გამოცდილმა

სერ ალექსმა ამ სიტყვებში და რამდენად მართალია

ის. ამ კითხვებზე პასუხის გაცემას ინგლისის ქალაქ

ბათის უნივერსიტეტის ლექტორი, დოქტორი აკი

სალო შეეცდება:

„აზრზე არ ვარ, სერ ალექს ფერგიუსონი რაზე

ლაპარაკობს. კი ბატონო, თუ ადამიანი არასწორად

დარბის, ამან შეიძლება რაიმე გავლენა იქონიოს,

მაგრამ როგორც ფეხბურთში ასე თუ ისე ჩახედული

კაცი, გეტყვით, რომ ფერგიუსონის მიერ აღწერილი

ჰენდერსონის სირბილის მანერა ასეთი აღსანიშნავია

ნამდვილად არ არის“.

ჰენდერსონთან ერთად 2011 წელს

„ლივერპულში“ ენდი კეროლი, სტიუარტ დაუნინგი

და ჩარლი ადამი მოვიდნენ, რომელთა

სანაცვლოდაც „ენფილდროუდელთა“

მეპატრონეებმა საკმაოდ მსუყე თანხა გაისროლეს,

თუმცა ზემოთ ჩამოთვლილი ფეხბურთელებიდან

მხოლოდ ჯორდანი შემორჩა „ენფილდს“.

3

ჰენდერსონის პროგრესი აშკარაა, რაზეც

ციფრებიც მეტყველებს. თუ 2011 წლის სექტემბერში

„ტოტენჰემის“ წინააღმდეგ ჩატარებულ მატჩში (0:4)

ინგლისელი ფეხბურთელი 90 წუთის განმავლობაში

მხოლოდ 46-ჯერ ჩაერთო თამაშში, 2013 წლის

დეკემბერში იმავე „ტოტენჰემის“ წინააღმდეგ

შემდგარ შეხვედრაში (5:0) მან ეს მაჩვენებელი 78-ზე

აიყვანა, პლუს გაიტანა გოლი და გააკეთა საგოლე

გადაცემა. სათქმელია, რომ აღნიშნულ მატჩში

ტრავმის გამო მონაწილეობა ვერ მიიღო სტივენ

ჯერარდმა, თუმცა მისი ფუნქციები მშვენივრად

იკისრა ჰენდერსონმა.

როცა ჯერარდს ადარებენ, ჰენდერსონს

ეცინება და ამბობს: „არა მგონია, რომ ოდესმე

მეორე სტივენ ჯერარდი გავხდე“.

„ლივერპულმა“ ჰენდერსონის სანაცვლოდ

თავის დროზე 16 მილიონი ფუნტი გაიღო. მაშინ ეს

გადაჭარბებულ თანხად მიაჩნდათ, თუმცა დღეს უკვე

შეიძლება იმის თქმა, რომ ეს არ ყოფილა წყალში

გადაყრილი ფული.

„ახალ გუნდთან შეგუებას ყოველთვის

სჭირდება დრო. აქ მოვედი იმ კლუბიდან, რომლის

რიგებშიც შვიდი წლის ასაკიდან ვირიცხებოდი. ახალ

გუნდში მოსულს შენი შესაძლებლობების

მაქსიმალურად წარმოჩენა გიწევს. ხანდახან

ვგრძნობდი, რომ ამ სირთულეების გაძლება

შემეძლო, ხანდახან კი - ვერა. „ლივერპულთან“

ერთად გატარებულ პირველ სეზონში ვერ ვაჩვენე ის

შესაძლებლობები, რასაც საკუთარი თავისგან

მოველოდი. ახლა ვხვდები, რომ ყველაფერს

თავისი ეტაპები აქვს და ასე იყო მაშინაც. როდესაც

ხალხი გაკრიტიკებს და გეუბნება, რომ შენ

„ლივერპულში“ თამაშის ღირსი არ ხარ, ეს

მოტივაციას გძენს, გიჩნდება ჟინი, რომ მათი

სიტყვები გააქარწყლო. ეს ყველაფერი ისევ

შენთვისაა სასიკეთო, ფსიქოლოგიურადაც უფრო

ძლიერდები“, - ამბობს 23 წლის ნახევარმცველი.

„ლივერპულის“ თავკაცის პოსტზე ბრენდან

როჯერსი დაახლოებით 20 თვის წინათ დაინიშნა.

მაშინ ბევრი ვარაუდობდა, რომ ჰენდერსონს

კეროლის, დაუნინგისა და ადამის ბედი ეწეოდა და

ისიც აბარგდებოდა „ენფილდიდან“. ფეხბურთელის

მიმართ ინტერესს ლონდონური „ფულემიც“ იჩენდა.

როჯერსმა ჰენდერსონს არჩევანის გაკეთების

საშუალება მისცა, ჯორდანმა დარჩენა გადაწყვიტა.

ამან ახალ მწვრთნელსა და ფეხბურთელს შორის

ურთიერთბა განამტკიცა.

„მწვრთნელთან ახლაც კარგი ურთიერთობა

მაქვს. მან ზუსტად მითხრა, განვითარებისთვის თუ

რა თვისებები უნდა გამომემუშავებინა. გარანტიას

ვერ მომცემდა, რომ ყოველ მატჩში ძირითად

შემადგენლობაში ვიქნებოდი, მაგრამ მგონია, რომ

მასაც სურდა გუნდში ჩემი დარჩენა.

გადაწყვეტილება ადვილად მივიღე, საკუთარ თავს

რწმენა გამოვუცხადე. ბრენდანი ძალიან დამეხმარა.

ახლა უკან ვიყურები და ვხვდები, რაოდენ დიდი

ნაბიჯი გადავდგი წინ. მაშინ ტაქტიკური

თვალსაზრისით ბევრი რამ ვისწავლე: გავიგე,

როდის უნდა დავიცვა გუნდი, როდის შევუტიო,

როდის მივმართო პრესინგს. მანამდე ყველგან

სირბილი მინდოდა, მაგრამ ახლა მატჩის დროს

უფრო მეტს ვფიქრობ“, - დაამატა ჰენდერსონმა.

4

5

6

დღეიდან ჩვენი ინტერნეტ-ჟურნალი ახალ რუბრიკას გთავაზობთ, რომელიც

„ფეხბურთოლოგიად“ მოვნათლეთ. მსოფლიოს ფეხბურთის ისტორიაში ბევრი ისეთი რამ

მომხდარა, რაც ჩვენი ყურადღების მიღმა დარჩენილა. არადა, ზოგიერთ ასეთ ფაქტს მხოლოდ

იმიტომაც უნდა გავეცნოთ, რომ კარგად ვიხალისოთ. დღეიდან გთავაზობთ რუბრიკას, რომლის

ეგიდითაც გაგაცნობთ სახალისო და საინტერესო ფაქტებს მსოფლიო ფეხბურთის ისტორიიდან.

სამყაროს აღსასრულის შიშით

დასრულებული კარიერა

იყო ასეთი არგენტინელი მეკარე კარლოს

როა, რომელიც ერთხანს ესპანური

„მალიორკას“ ღირსებას იცავდა. ბევრის

გასაკვირად, კარიერის პიკზე მყოფმა როამ

ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდვა გადაწყვიტა,

არადა, მის მიმართ ყურადღებას ისეთი

კლუბები იჩენდნენ, როგორებიც არიან

„მანჩესტერ იუნაიტედი“ და ლონდონის

„ჩელსი“. არგენტინელმა მეკარემ განმარტა,

რომ მესამე ათასწლეულის დამდეგს

სამყაროს აღსასრულს ელოდა და კარიერაც

ამიტომ დაასრულა. მოგვიანებით ის

ფეხბურთში დაბრუნდა, თუმცა ქვედა

დივიზიონის კლუბებში მოუწია ასპარეზობა.

პროტესტის ნიშნად დასკოტჩილი პირი

მიუნხენის „ბაიერნის“ ყოფილმა

თავდამსხმელმა ჯოვანი ელბერმა

„შტუტგარტში“ ასპარეზობის პერიოდში,

ერთ-ერთი მატჩის პირველ ტაიმში მსაჯთან

შელაპრაკების გამო ყვითელი ბარათი

მიიღო. როგორც ჩანს, ბრაზილიელმა

ფეხბურთელმა ჩათვალა, რომ არბიტრი მას

უსამართლოდ მოექცა და შეხვედრის მეორე

ნახევარში, ელბერმა პროტესტის ნიშნად

პირზე წითელი წებოვანი ლენტი აიკრა.

ფეხბურთი ცუდ ამინდში

ჩვენ ნებისმიერ ამინდში გვიყვარს

ინგლისური ფეხბურთის ცქერა, მაგრამ ზამთარში

თამაში ფეხბურთელებისა და მსაჯებისთვის

ნამდვილი წამებაა. როგორც წესი, მოედანი და

ტრიბუნები სქელ ნისლში ეხვევა ხოლმე და

რთულია გაარჩიო, თუ რა ხდება მინდორზე. ერთ-

ერთი ასეთი მატჩის შემდეგ, რომელიც ანგარიშით

3:3 დასრულდა, თავდამსხმელმა ჯორჯ ოდცმა

თქვა: „ზუსტად მახსოვს, რომ ხუთი გოლი

გავიტანე, მაგრამ არ ვიცი, რომელ კარში“. მატჩის

შემდეგ მსაჯმა შენიშნა, რომ თითოეულ გუნდში 18

ფეხბურთელი თამაშობდა.

7

რატომ ელიან როი ჰოჯსონს ციხეში?

ფეხბურთი გისოსებს მიღმა. ნორმანდიის კუნძულის ციხის ზედამხედველები პატიმრებს

ცხოვრების სწორ გზას ფეხბურთის დახმარებით უჩვენებენ. Fanebi.Com-ი მოგიყვებათ, რატომ არის

ადგილობრივი პატიმრების საყვარელი ფრაზა: „გაუმარჯოს ჩვენს ციხეს! ყველაზე ჰუმანურ ციხეს

მსოფლიოში!

ოდესმე ყოფილხართ გერნზიში? არის ასეთი

პატარა კუნძული ლა-მანშის სრუტეში. მთლად

ტაიტი არ არის, თუმცა ეს ადგილიც საკმაოდ

ლამაზია. მოსახლეობა 65 ათასია, ფართობი - 25

კვადრატული მილი. კუნძული ექვემდებარება

ბრიტანეთის იურისდიქციას, თუმცა

საფრანგეთთან უფრო ახლოს არის. რატომ

მოხდა ასე, ამას დიდი ისტორია აქვს. თუ ვიქტორ

ჰიუგო გიყვართ, მაშინ ამ ადგილის შესახებ

რომანი „ზღვის მუშები“ უნდა წაიკითხოთ.

გერნზი ინგლისის ნაკრების ყოფილი

ნახევარმცველის, მეთიუ ლე ტისიეს (8 მატჩი)

სამშობლოა. აქ თავიანთ გმირებს არ ივიწყებენ

და რამდენიმე წლის წინათ, ის საფეხბურთო

კლუბ „გერნზის“ საპატიო პრეზიდენტად აირჩიეს.

კლუბი, რომელსაც მეტსახელად „მწვანე

ლომები“ ჰქვია, მნიშვნელობით ინგლისის მე-9

დივიზიონში ასპარეზობს.

თავისუფლების 90 წუთი: „გერნზის“ სტადიონიდან რამდენიმე მილის

მოშორებით კიდევ ერთი „ცხოველური“ გუნდია

და, საბედნიეროდ, ლე ტისიეს მასთან არავითარი

ურთიერთობა არ აქვს. გუნდი, რომელიც გერნზის

ციხის პატიმრებისგან არის დაკომპლექტებული,

„ციხის ლომების“ სახელს ატარებს და კუნძულის

საკვირაო ლიგაში გამოდის. გუნდის მწვრთნელმა

დევიდ უაიტმა თითქოს შეუძლებელი შეძლო:

„ლომებს“ ადგილობრივ სამოყვარულო ლიგაში

თამაშის უფლება მისცეს.

„პატიმარიც ადამიანია, ფეხბურთს კი

შეუძლია, ადამიანი უკეთესი გახადოს, - საუბრობს

დევიდ უაიტი. - ამ იდეის განხორციელებას დიდი

ხნის განმავლობაში ვცდილობდი ციხის

უფროსობასა და სამოყვარულო ლიგის

პრეიზდენტთან. მიზანს მივაღწიე. 101 პატიმარი

გვყავს, ყველა კაცია. ღრმად ვარ დარწმუნებული,

რომ ფეხბურთს ამ ხალხის გამოსწორება

შეუძლია. რა არის ფეხბურთი? ეს არის გუნდში

მუშაობის უნარი, ურთიერთგაგება და

შრომისმოყვარეობა, მარცხის ღირსეულად

მიღების უნარი. ფეხბურთი - ეს იდეების მუშაობაა.

ვუყურებ ჩემს მოთამაშეებს და ვხვდები: თამაში

მათთვის თავისუფლების 90 წუთია. პატიმართა

დიდი ნაწილი არასდროს ყოფილა რაიმე

დადებითი და კონსტრუქციული პროექტის

ნაწილი. ფეხბურთში წარმატებისთვის ისინი ისეთ

თვისებებს შეიძენენ, რაც საზოგადოებაში

დაბრუნების შემდეგ გამოადგებათ“.

როგორც ნებისმიერ სამოყვარულო

ლიგაში, აქაც მხოლოდ კვირა დღეს თამაშობენ.

აქედან მოდის სახელწოდება - საკვირაო ლიგა

„მფხანავი ფეხები“ (Itchy Feet Guernsey Sunday

League: ანუ იმდენად გინდა ფეხბურთის თამაში,

რომ ფეხები გეფხანება). „ლომებს“ მატჩების

მუდამ საშინაო არენაზე ჩატარების უპირატესობა

აქვთ. ბუნებრივია, პატიმართა გუნდი თავის

მეტოქეებს ციხეში მასპინძლობს. სეზონში 15 მატჩი

სამ წრედ ტარდება, ჩემპიონატში ექვსი გუნდი

იღებს მონაწილეობას.

„ყველამ იცის, რომ ჩვენ გასვლაზე არ

ვთამაშობთ და ამაზე არც არავინ წუხს.

საფეხბურთო მოედანი ციხის ტერიტორიაზეა და

არც ეს წარმოადგენს რაიმე პრობლემას. ზომა

სტანდარტულია, საფარი ბუნებრივია. ვთამაშობთ

11-11-ზე, ყველა სრულწლოვანია“, - ამბობს

უაიტი.

„მფხანავი ფეხები“ სუსტი ნერვების მქონე

ადამიანებისთვის არ არის განკუთვნილი.

დავიწყოთ იმით, რომ „ციხის ლომების“ სტუმრებს

8

დიდი ყურადღებით ჩხრეკენ (ისევე, როგორც

ციხის ყველა პატიმარს). აქ ესმით, რომ

გადამეტებული უხეშობა არავის არგებს.

„ჩვენს გუნდში ციხის რამდენიმე

თანამშრომელიც თამაშობს. ბიჭებმა იციან, რომ

მოედანზე გამოვლენილ არასათანადო ქცევას

ძალზედ უსიამოვნო შედეგები მოჰყვება - ისინი

გუნდში ადგილს დაკარგავენ. ამიტომ, ყველა

ცდილობს, სუფთად ითამაშოს, წითელი ბარათის

მიღების გარეშე. ბიჭები, რომლებიც ჩვენს

წინააღმდეგ პირველად თამაშობენ, როგორც

წესი, ძალიან დაძაბულები არიან ხოლმე, მაგრამ

პირველი ათი წუთის შემდეგ ყველა ცხრება“, -

ამბობს დევიდ უაიტი.

„ციხის ლომებმა“ სეზონი ძალიან კარგად

დაიწყო - ორჯერ მოუგო გერნზის რესტორანის

ფეხბურთელთა გუნდს (1:0 და 6:2), დაამარცხა

აუდიტორთა გუნდი „დელოიტი“ (2:1). მეოთხე

მატჩში „ლომების“ გამარჯვების სერია შეწყდა.

საიუველირო მაღაზიის წარმომადგენელთა

გუნდმა ციხიდან სამი ქულის წაღება შეძლო.

ბომბარდირი ნარკომოვაჭრე: „ციხის ლომების“ საუკეთესო ბომბარდირი

25 წლის ტომ უოლში გახლავთ.

ხუთი გოლი სამ მატჩში. ტომი შემტევი

ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობს. ის

შეუმდგარი ნარკომოვაჭრეა. გასული წლის

მარტში პოლიციამ მის მანქანაში პლასტიკური

პაკეტით ექსტაზის ორი ათასი აბი იპოვა. ტომი 38

ათასი ფუნტით გამდიდრებას ელოდა, თუმცა 6

წლით თავისუფლების აღკვეთა მიიღო.

დაცვას 27 წლის ლატვიელი მარტინს

აპსკალნსი ამაგრებს. დააკავეს ფულის

გათეთრებისთვის, მიუსაჯეს ოთხი წელი.

მეწყვილედ 37 წლის რუმინელი კონსტანტინ

არმეგი ჰყავს. აღსანიშნავია, რომ არმეგი

პროფესიონალი მოკრივეა, თუმცა მოედანზე

გაფრთხილება ამ დრომდე არ მიუღია.

გუნდის ერთ-ერთი მეკარე „მანჩესტერ

იუნაიტედის“ ქომაგი გარეტ მასტერტონი

გახლავთ, რომელიც ციხეში იმიტომ მოხვდა, რომ

მანჩესტერული დერბის დროს, ბარში „სიტის“

ფანს თავში ლუდის კათხა ჩაარტყა. სხეულის

განზრახ დაზინების გამო, მიუსაჯეს 4,5 წლით

თავისუფლების აღკვეთა.

თადარიგში შეიძლება თვალი მოკრათ

ადგილობრივი სარაგბო გუნდის ყოფილ

მოთამაშეს და პოლიციელის შვილს,

მეფედრონით მოვაჭრეს და უბრალო თაღლითს.

რაც არ უნდა იყოს, ეს არის ციხის „დრიმ-თიმი“.

„გთხოვთ, ნუ მკითხავთ, რა დააშავეს ამ

ადამიანებმა. არ მინდა ამაზე საუბარი. როდესაც

მათ მოედანზე ვუყურებ, ისინი ჩემთვის თანაბარნი

არიან“, - აღნიშნა დევიდ უაიტმა.

გუნდის მეორე ბომბარიდირი 19 წლის

კალუმ სმიტია, რომელიც გისოსებს მიღმა

სასახლის გაძარცვის გამო მოხვდა. როდესაც

პოლიციელები დანაშაულის ადგილზე მივიდნენ,

სმიტი მათ სასახლეში დახვდა და თან... მშვიდად

ჩაის მიირთმევდა. დამდეგი წლის დასაწყისში მან

თავისუფალი აგენტის სტატუსი მიიღო.

სამწვრთნელო შტაბი კი ახალი თავდამსხმელის

გამალებულ ძიებაში იყო.

საკვირაო ლიგის პრეზიდენტი როდ ჰემონი

გამოტყდა, რომ „ციხის ლომების“ გამო

ტურნირის რეგლამენტის შეცვლა მოუწია და

კალუმ სმიტს გუნდში დარჩენის უფლება მიანიჭა..

როი ჰოჯსონს ციხეში ელიან: „ფეხბურთი მათთვის ჯილდოა, რომელსაც

კარგი ქცევისთვის იღებენ, - საუბრობს ციხის

უფროსი დეივ მეთიუზი. - პატარა გადაცდომა და

პატიმრის საფეხბურთო კარიერას ჯვარი

დაესმება. შეიძლება სასაცილოდ ჟღერდეს,

მაგრამ ფეხბურთი მათთვის ერთგვარი საჰაერო

ხვრელია. ციხეში ასეთი გასართობი ბევრი არ

არის. არავის სურს, ტურნირში თამაშისა და

პრიზების მოგების შესაძლებლობა დაკარგოს.

პირველი ადგილისთვის ოქროს მედლები და

თასია განკუთვნილი“.

„გვინდა, რომ სტერეოტიპები

დავამსხვრიოთ, - აგრძელებს დევიდ უაიტი. -

კარგია, რომ ყურადღებას გვაქცევენ. მსმენია,

რომ ლათინური ამერიკის ციხის მატჩებს

ეროვნული ნაკრებების მთავარი მწვრთნელებიც

ესწრებიან. იქნებ, ოდესმე როი ჰოჯსონმა პატივი

დაგვდოს?! როი, ჩვენ შენ გელით!“

2014 წლის 2 თებერვალი თბილისი, საქართველო (Fanebi.Com)

www.facebook.com/Fanebi.Journal

ჟურნალის რედაქტორი და ჟურნალისტი: ბექა დოგრაშვილი